ენისა და მეტყველების თერაპევტი მუშაობს ბავშვებსა და მოზარდებთან, რომელთაც აღენიშნებათ კომუნიკაციის, ენის, მეტყველებისა და კვებასთან დაკავშირებული სირთულეები. ენისა და მეტყველების თერაპიის მიზანია კომუნიკაციისა და მეტყველების უნარების გაუმჯობესება.
თერაპევტი მუშაობს შემდეგ მიმართულებებზე:
• კომუნიკაციის სირთულეები - როდესაც ბავშვს ან მოზარდს უჭირს საკუთარი აზრებისა და ემოციების გამოხატვა, თანატოლებთან ურთიერთობა, თამაშში ჩართვა და სოციალური ინტერაქცია; საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ალტერნატიული და დამატებითი კომუნიკაციის (AAC) საშუალებები.
• რეცეპტული ენა - მოსმენისა და მოსმენილის გაგების სირთულეები.
• ექსპრესიული ენა - სიტყვებისა და წინადადებების ფორმირება და აზრის სიტყვიერად გამოხატვის სირთულე.
• მეტყველება - ბგერების სწორად წარმოთქმის სირთულე, გაუგებარი მეტყველება, ორალურ-მოტორული უნარების დარღვევები, სალივაცია (ნერწყვდენა).
• მეტყველების მოქნილობის დარღვევა (ენაბორძიკი) - მეტყველების რიტმისა და გამართულობის სირთულეები.
• კვება - ღეჭვის, ყლაპვისა და დამოუკიდებლად კვებასთან დაკავშირებული სირთულეები.
• დისლექსია - კითხვისა და წერა-კითხვის უნარებთან დაკავშირებული სირთულეები.
ენისა და მეტყველების თერაპევტი აფასებს ბავშვის უნარებსა და საჭიროებებს და ინდივიდუალური თერაპიული გეგმის საფუძველზე წარმართავს ინტერვენციის პროცესს, რაც უზრუნველყოფს ბავშვის კომუნიკაციური და ფუნქციური უნარების ეტაპობრივ განვითარებას.